Start-Up კომპანიაში მუშაობა სწავლის უსასრულო ციკლია. რადგან თანამშრომელთა რაოდენობა შეზღუდულია, თითოეულ ადამიანს უწევს განსხვავებული როლებისა და პასუხისმგებლობების აღება საკუთარ თავზე.
თანამშრომელთა პატარა გუნდი, ბრტყელი იერარქია, არარეგულარული სამუშაო დრო, მრავალმხრივი სამუშაო მიმართულება - ეს ის სამუშაო კულტურაა, რაც გამოარჩევს ყველა Start-Up - კომპანიას სხვა კომპანიებისგან. განსხვავებით დიდი კორპორაციებისგან, სადაც თითოეული თანამშრომელი მთელი მექანიზმის მხოლოდ ერთი ჭანჭიკია, აქ თითოეული კადრი კომპანიის წარმატებაში თუ წარუმატებლობაში განუსაზღვრელი წილის მატარებელია.
ქვევით შეგიძლიათ წაიკითხოთ 5 უნიკალური რამ, რომელსაც მხოლოდ Start-Up კომპანიაში მუშაობისას მიიღებთ;
1. ისწავლით თუ როგორ უნდა იმუშაოთ მრავალი მიმართულებით.
როგორც უკვე ვთქვით Start-Up კომპანიებს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ თანამშრომელთა დიდი გუნდი შეკრან, ამიტომაც აქ მომუშავე თანამშრომლებს ხშირად უწევთ შეასრულონ და შეითავსონ სხვა ტიპის სამუშაოც. მაგალითად Start-Up კომპანიაში სრულიად შესაძლებელია, პროგრამების დეველოპერს მოუწიოს შექმნილი პროდუქტის გაყიდვა და მომხმარებლებისათვის მიწოდება, რადგან გაყიდვების გუნდი ჯერ კიდევ არ შექმნილა ამ კომპანიაში. თუ თქვენ მოგიწევთ ასეთ კომპანიაში მუშაობა, გამოგიმუშავდებათ სტრესის ქვეშ მუშაობის უნარები და არასოდეს შეგეშინდებათ პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღების.
2. გამოიმუშავებთ უნარებს თუ როგორ უნდა ასწავლოთ საკუთარ თავს უფრო მეტი.
Start-Up კომპანიაში ყველა თანამშრომელი თქვენსავით ახალმოსულია და ყველა თქვენსავით ცდილობს გახდეს პროფესიონალი თავის საქმეში. თქვენ ვერ გასწავლიან სხვა თანამშრომლები თუ როგორ უნდა შეასრულოთ თქვენი საქმე პროფესიონალურ დონეზე და ამიტომაც იძულებული გახდებით თვითონვე შეისწავლოთ და აქციოთ საკუთარი თავი პროფესიონალად. თვითშესწავლის უნარები კი, რა თქმა უნდა, მთელი კარიერის განმავლობაში გამოგადგებათ.
3. ისწავლით წარუმატებლობის წარმატებისთვის გამოყენებას.
როგორც კვლევები ცხადყოფს, Start Up - ების უმრავლესობა მალევე იხურება, მაგრამ თუ ეს თქვენს თვალწინ მოხდება, ჩათვალეთ რომ თქვენი ცოდნა და გამოცდილება საოცრად გაიზრდება. გამოგიმუშავდებათ შეცდომების გაანალიზების უნარი, რაც თქვენს კარიერულ ცხოვრებაში დიდ როლს შეასრულებს.
4. ისწავლით თუ როგორ უნდა ენდოთ ინსტინქტებს.
რისკების დათვლა და განსაზღვრა ყველა პროფესიონალისთვის აუცილებელია! მარკ ცუკერბერგი ამბობს: „ამ სამყაროში, სადაც ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, ერთადერთი სტრატეგია, რომელზეც შეგვიძლია გარანტირებულად ვთქვათ, რომ წარუმატებელი იქნება არის - არ გარისკო.“ თუ თქვენ დასაქმდებით Start-Up - კომპანიაში, თქვენ აღარ შეგეშინდებათ რისკების საკუთარ თავზე აღების და შემდგომში რისკიანობის გამოთვლას ინსტინქტურადაც კი შეძლებთ.
ცხოვრებაში ხშირად შეგხვდებათ მომენტები, როდესაც გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ არასაკმარისი ინფორმაციებით, სწორედ ამ მომენტში დაგეხმარებათ გამომუშავებული უნარები განსაზღვროთ რისკები სწორად და იმოქმედოთ.
5. გამოიმუშავებთ მარტივი ადაპტაციის უნარს.
მუდმივი ცვლილებების რეჟიმში მუშაობა გასწავლით თუ როგორ გამოიმუშაოთ ადაპტაციის უნარი, როგორ შეცვალოთ მიდგომები და მოერგოთ რეალობას. დღევანდელ შრომის ბაზარზე მსგავსი მოქნილობა აუცილებელი მოთხოვნაა, რადგან როგორც კომპანიებს ასევე მათ მენეჯერებს ესაჭიროებათ სწორედ ასეთი მოქნილი და სხარტი თანამშრომლები.
დასკვნა
Start Up - კომპანიაში მუშაობა, რა თქმა უნდა, ყოველთვის რისკიანია, მაგრამ ძალიან საინტერესო. აქ თქვენ ხართ მნიშვნელოვანი ნაწილი იმ გუნდისა, რომელიც ახალ პროდუქტს ქმნის. მიღებული გამოცდილების ისწავლით, თუ როგორ უნდა იყოთ დამოუკიდებელი, მოხერხებული, მოქნილი და როგორ უნდა შეძლოთ მაქსიმალურად გამოიყენოთ არასაკმარისი რესურსი. მოკლედ რომ ვთქვათ, Start UP კომპანიაში მუშაობა შეგძენთ როგორც პროფესიულ უნარ-ჩვევებს, ასევე - ცხოვრებისეულს.